კობა გვენეტაძე - ომი მთელი მსოფლიოს ეკონომიკებზე იმოქმედებს
კობა გვენეტაძე - ომი მთელი მსოფლიოს ეკონომიკებზე იმოქმედებს

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ გამოწვევაზე, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც არსებობს. ეს არის ომი, რაც ძალიან ართულებს გეოპოლიტიკურ ვითარებას და ამ შემთხვევაში შეუძლებელია არ მოხდეს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება აისახება საქართველოზეც.

„კერძოდ, ეს იქნება ექსპორტიდან, ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები ამ ორი ქვეყნიდან. როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო და უკვე მოსალოდნელი იყო, რომ ამ არხებიდან მოხდებოდა გავლენა, მოსალოდნელმა გაუარესებამ თავისთავად ბაზრის მონაწილეების მოლოდინი უარყოფითისკენ შეცვალა და მათ ომის დასაწყისშივე დაიწყეს პოზიციების ცვლილება და გაცვლითი კურსიც სწორედ ამ მიზეზით გაუფასურდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ლარი არ ყოფილა ერთადერთი ვალუტა, რომელიც ამ დროს გაუფასურდა. ძალიან ბევრი ვალუტა გაუფასურდა, გაუფასურდა რეგიონის ვალუტები, გაუფასურდა უნგრული ვალუტა, პოლონური ზლოტი, ჩეხური ვალუტა, მეზობელი ქვეყნების ვალუტები, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი იყო“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ომი მთელი მსოფლიოს ეკონომიკებზე იმოქმედებს.

„სამწუხაროდ, როდესაც ლარზე საუბრობენ ხოლმე, ეს ადრეც მითქვამს და ექსპერტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ისინი ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას დროის გარკვეულ მოკლე მონაკვეთზე, რაც შეცდომაა. ყოველთვის უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში ამას და შეფასებაც ასე უნდა გავაკეთოთ. გარკვეული პერიოდის მერე კი, როდესაც მოხდა გადამუშავება იმ მოლოდინის, ინფორმაციის, რომელიც არსებობდა, უკვე ამ ვალუტებმა ლარის ჩათვლით გამყარება დაიწყეს. როგორც არაერთხელ მითქვამს, მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობა არის იმაში, რომ ამ დროს კურსში მყისიერად აისახება მოლოდინის ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის ამჟამინდელი ნიშნული უკვე ასახავს ზემოხსენებულ მოლოდინს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ომი მთელი მსოფლიოს ეკონომიკებზე იმოქმედებს, შესაბამისად მათ ვალუტებზეც აისახება, რაზეც დღეს მსოფლიოს ბევრი ლიდერი და ეკონომისტი საუბრობს“, – განაცხადა გვენეტაძემ.