კობა გვენეტაძე - ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სავალუტო კურსისთვისაც
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე კურსს მოლოდინებით გადმოეცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაკეთდა განცხადება რუსეთიდან ფრენების შეზღუდვაზე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ საქართველოში რუსეთიდან.
„სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდეც. ზოგადად, კურსზე გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსი და აღვნიშნე, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია და საგადამხდელო ბალანსზე უფრო მეტი განმარტება მოგვეცა. კარგი გაუმჯობესება გვაქვს პირველ კვარტალში, რაც ნიშნავს, რომ ჯამურად, წელს სხვა თანაბარ პირობებში, საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამან უნდა შეამციროს წნეხი გაცვლით კურსზე.
„ამ ეტაპზე შესაძლებელია, დანაკლისი იყოს 200-300 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა, იმ შემთხვევაში, ტურისტები ჩანაცვლდებიან ან სხვა გზებით შემოვლენ, შეიძლება, ეს დანაკარგიც არ იყოს. მოგეხსენებათ, 2014-2015 წლებში, საგარეო შოკის დროს გაცილებით მეტი იყო ამ შემოსავლების შემცირება. ზოგადად, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და სავალუტო კურსისთვისაც“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.