კობა გვენეტაძე - მამუკა ხაზარაძეს ავთო წერეთელთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ უნდა განეცხადებინა, რის საფუძველზეც წერეთლის კომპანიებზე სესხები ამ ფორმით ვეღარ გაიცემოდა
კობა გვენეტაძე - მამუკა ხაზარაძეს ავთო წერეთელთან მეგობრული ურთიერთობის შესახებ უნდა განეცხადებინა, რის საფუძველზეც წერეთლის კომპანიებზე სესხები ამ ფორმით ვეღარ გაიცემოდა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ავთო წერეთელი მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი იყო წლების განმავლობაში , – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ბანკის ე.წ. ინსაიდერების დადგენა.

მისივე თქმით, სხვა მიზეზებზე რომ არ იყოს საუბარი, აღნიშნული ფაქტორების გამო, მამუკა ხაზარაძეს ამ ურთიერთობების შესახებ უნდა განეცხადებინა, რის შემდეგაც სესხები, გაცემის მომენტშივე, ე.წ. ინსაიდერულად დაკლასიფიცირდებოდა და აღნიშნული სესხების ამ ფორმით გაცემა ვეღარ მოხდებოდა.

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ავთო წერეთელი არის მისი მეგობარი და პარტნიორია.

ავთო წერეთლის კომპანიები – „სამგორი ემ“ და „სამგორი თრეიდი“ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“  კომპანიებზე „სამგორი ემ“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი, იმავე დღეს კი, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ამ კომპანიებს, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი  ბანკმა“  აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ  გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა; არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა; არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.