მამუკა ხაზარაძე - ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ
მამუკა ხაზარაძე - ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ამ კაცთან ურთიერთობით ძალიან ვამაყობ

ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან ურთიერთობით, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, მან ავთო წერეთელს თხოვნით მიმართა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 17 მილიონი.

„ავთო წერეთელს თხოვნით მივმართეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდებოდა 17 მილიონი. ბუნებრივია, კითხვა დაისვა, რატომ გვჭირდებოდა. ავუხსენით და ვუთხარით, რომ გვჭირდება თქვენგან მოკლევადიანი სესხი, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით. როცა დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როცა ვხსნიდით, „ბატა“ იყო ეს, „ბაბილონი“ თუ პირველი დისტრიბუციები, რითაც დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ, რადგან  ვფიქრობ, თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს, ძალიან წაადგება ეს ყველაფერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით,  ავთანდილ წერეთლისა და მისი კომპანიისგან სესხი არაერთხელ აუღია.

„მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და რა თქმა უნდა, ეს სესხები არასოდეს ყოფილა დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“ და არც არასოდეს დამისვამს კითხვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ „თიბისი ბანკს“ არასდროს არც ერთი ბიზნესი არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ „თიბისი ბანკს“ ინვესტირება გაეკეთებინოს ბიზნესებში, რომელშიც მე და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით აქციონერები. აი, ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები „თიბისი ბანკს“ არ ეხება. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავთო წერეთლის კომპანიები – „სამგორი ემ“ და „სამგორი თრეიდი“ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“  კომპანიებზე „სამგორი ემ“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი, იმავე დღეს კი, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ამ კომპანიებს, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი  ბანკმა“  აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ  გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა; არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა; არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.