კობა გვენეტაძე - კაპიტალის ბაზრის წარმატებაში გამჭვირვალობის ხარისხი დიდ როლს ითამაშებს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს წელს პირველად გადაეცათ.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა (RSF) ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით დააწესა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებასა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
დაჯილდოების ცერემონია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან ვრცლად ისაუბრა კაპიტალის ბაზრის როგორც ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც განვითარების საფეხურზეა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მცირე მასშტაბი ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება, ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახაზინო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, რაც, შესაბამისად, წლიურ 31 პროცენტი და 69 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. მსურს აღვნიშნო, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მეტწილად ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შედეგია“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით, მათ შორის, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურის განახლება და ბენჩმარკ ობლიგაციების გამოშვების სისტემატიზაცია. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კაპიტალის ბაზრის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირების პროცესში. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ბაზრის რეპუტაციას და სანდოობას.
„საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამომავლო წარმატებაში დიდ როლს ითამაშებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხი; რაც, თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უნარს. აქედან გამომდინარე, მინდა, ხაზი გავუსვა გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია სამართლიანი და უფრო მიმზიდველი კაპიტალის ბაზრის შესაქმნელად”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო პერიოდში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ანგარიშგებების ინფრასტრუქტურის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეიმუშავა.
„მომავალი წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ერთი ფანჯრის პრინციპი” ამოქმედდება. აღნიშნული პროექტის შედეგად, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის გამარტივდება ანგარიშგების წარდგენის, გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესი, რაც თავისთავად პროცესის ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ემიტენტების შესახებ ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისთვის”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
კონკურსში საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულმა 16 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.