კობა გვენეტაძე - ფინანსური სისტემა არის სტაბილური, აგრძელებს ფუნქციონირებას, ეკონომიკის დაკრედიტებას და ჩვენც, ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, ვდგავართ იმის სადარაჯოზე, რომ ფინანსურ სისტემას პრობლემა არ შეექმნას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სისტემამ 2020-2021 წლების პანდემიისგან გამოწვეულ საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და ახლაც მზად არის, არსებულ გამოწვევას გაუძლოს.
გვენეტაძის განმარტებით, როგორც კი რუსული ბანკი – „ვითიბი ბანკი“ მოხვდა სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში, ეროვნულმა ბანკმა მისცა მითითება ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ აბსოლუტურად დაეცვათ ის წესები, რომელიც ამ მხრივ არის გათვალისწინებული.
„ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობა ძალიან კარგია, იმ ღონისძიებებმა, რომლებიც განახორციელა რეგულატორმა, ამავე დროს, მთავრობასთან ერთად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დოლარიზაციის შემცირების, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, ზოგადად, ადეკვატურმა ზედამხედველობამ განაპირობა ის, რომ საბანკო სისტემამ ძალიან კარგად გაიარა 2020-2021 წლების პანდემიიდან წამოსული საკმაოდ დიდი გამოწვევა და ის ახლაც მზად არის, რომ ამ გამოწვევას გაუძლოს.
ჩვენს სისტემაში გვყავს რუსული ბანკი, „ვითიბი ბანკი“, რომელიც მოხვდა სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში და მაშინვე, როგორც კი ეს მოხდა, ჩვენ მივეცით მითითება ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ აბსოლუტურად და სკრუპულოზურად დაეცვათ ის წესები, რომელიც ამ მხრივ, ამ შემთხვევაში არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძის თქმით, არც ერთ დეპოზიტარს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რომელთაც დეპოზიტები ჰქონდათ „ვითიბი ბანკში“, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„საკმაოდ სწრაფად მოხდა სექტორის მიერ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი, როგორც რეგულატორის ფუნქცია არის, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად იქნას დაცული დეპოზიტართა უფლებები და არც ერთ დეპოზიტარს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რომელთაც დეპოზიტები ჰქონდათ „ვითიბი ბანკში“, არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
დაწყებული იმ დღიდან, როგორც კი სანქციები გამოქვეყნდა, ეროვნული ბანკი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, რათა გაეკვალა გზა იმ სიტუაციისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ დეპოზიტორებს, რადგან ფინანსური სისტემა ძალიან სენსიტიურია ასეთი საკითხების მიმართ. მაშინაც კი, თუ ჯანსაღია სისტემა, რაიმე არასწორად თუ იქნა მართული, ეს უკვე შეიძლება, მთელ სისტემას გადაედოს.
ამ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირად რაიმე წუხილის მიზეზი, ფინანსური სისტემა არის სტაბილური, ის აგრძელებს ფუნქციონირებას, ის აგრძელებს ეკონომიკის დაკრედიტებას და ჩვენც, ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, ვდგავართ იმის სადარაჯოზე, რომ ფინანსურ სისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას იმ პირობებში, რომ ფინანსური სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია გლობალურ ფინანსურ სისტემასთან, აბსოლუტურად დაიცავს სანქციებს, რომელიც ამოქმედებულია ფინანსური ორგანიზაციების მიმართ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.