კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ უმეტეს ქვეყანაში ინფლაცია მზარდია, საქართველოში კი არის შემცირების ტენდენცია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ტურიზმს უკავშირდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე ისაუბრა იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, რის გამოც ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.
კობა გვენეტაძის თქმით, თავის დროზე ინფლაციაზე ასახვა იქონია პანდემიამ, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომმა.
როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, საქართველოში სუბსიდირების დაწყებამ და შემდეგ ტურისტების შემოსვლამ ინფლაციის შემცირებას შეუწყო ხელი.
„ჩვენ თუ შევხედავთ დინამიკას, ვხედავთ, რომ უმეტეს ქვეყნებში ინფლაცია ახლა მზარდია, მაშინ, როდესაც საქართველოში შემცირების ტრენდი აქვს. დღესაც გამოქვეყნდა წლიური ინფლაცია, რომელიც აჩვენებს, რომ იგი 1.3 პროცენტით შემცირდა. რა არის ამის მიზეზები? გამომდინარე იქიდან, თუ რა გავლენა მოახდინა თავის დროზე პანდემიამ და შემდეგ ომმა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე, ამისდა მიხედვით ხდება ინფლაციის ასახვა. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიც არის, რომელზეც ვრცლად ვისაუბრე წინა კვირას, როდესაც პარლამენტში, კომიტეტში წლიურ ანგარიშს განვიხილავდით.
მოგეხსენებათ, საქართველოში მოხდა სუბსიდირება, დაწყებული 2020 წლის იანვარში და შემდეგ თებერვალ-მარტში. ამან დროებით შეამცირა ინფლაცია, ხოლო შემდეგ გაზარდა და საბაზრო ეფექტიც მთელი წლის განმავლობაში გაჰყვა, რომელმაც დახლოებით სამი პროცენტით გაზარდა და მის გარეშე 2020 წლის ბოლოს ინფლაცია შედარებით უფრო მეტი, მაგრამ სამაგიეროდ, წლის განმავლობაში უფრო დაბალი იქნებოდა. სხვა ქვეყნები ასევე სხვადასხვა სუბსიდირების მეთოდს იყენებდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა. მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მობილობა მთლიანად შეწყდა, საქართველო, რომელიც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, ძალიან დაზარალდა. უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები. დაახლოებით სამ მილიარდამდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა ქვეყანამ იმის გამო, რომ შეჩერდა მობილობა. მოხდა გაცვლითი კურსის გაუფასურება, ანუ შოკის შთანთქმა გაცვლითი კურსიდან. აქედან გამომდინარე, მოხდა ინფლაციაზე ამ გავლენის გადაცემა. ჩვენთან უფრო მალე აისახა სხვადასხვა ფაქტორი და ახლა უკვე მილევის, შემცირების ფონზეა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ არ იყო ასახვა.
ამავე დროს, მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ბევრ ქვეყანაში იყო ძალიან მაღალი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ მომხდარა, ვთქვათ, იგივე ევროზონაში, აშშ-ში, რადგან ძირითადი მიზეზები იყო მოთხოვნის მხრიდან წამოსული მიზეზები, მიწოდების ჯაჭვების მოშლა. მაშინ, როდესაც ეკონომიკები ჯერ კიდევ მცირდებოდა, ამ დროს კონტრპროდუქტიულია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ასე რომ, ესენია მიზეზები, რომლის გამო დღეს საქართველოში ინფლაცია დაღმავალია. მართალია, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაღმავალია. ხოლო სხვა ქვეყნებში ინფლაცია იკრეფს ძალას. მოგეხსენებათ, ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგალითად, მოლდოვაში 32 პროცენტია წლიური ინფლაცია, ევროზონაში ასევე ახალი რეკორდი მოიხსნა – 8.6 პროცენტი, აშშ-ში 9.1 პროცენტი, აზერბაიჯანში 14 პროცენტი, სომხეთში 10 პროცენტი, ყაზახეთში 14.5 პროცენტი. ასე რომ, ეს პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოხდება გეოპოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა. აქედან გამომდინარე, ვაჭრობის მიწოდების იმ ჯაჭვების აღდგენა, რომელიც პანდემიამდე და შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებობდა.
გარდა ამისა, გარკვეულწილად ის ფაქტი, რომ გაცვლით კურსს აქვს გამყარების ტრენდი და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ის გამყარებულია, მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე და იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, ინპორტირებულმა ინფლაციამ არ შეიტანოს თავისი წვლილი. ამავე დროს, მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული იყო საკმაოდ და გამკაცრებულ დონეზე ნარჩუნდება, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.