კობა გვენეტაძე - 2017 წლამდე სწრაფ სესხებზე მაქსიმალური წლიური ეფექტური განაკვეთი 3 000 პროცენტამდეც ადიოდა
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გამოვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა,
მან სესიაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.
„ჩვენი როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, გადაიდგა აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/„4Finance“ რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა (მაგალითად, დიდი ბრიტანეთი) და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა, მაგალითად, შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, 3,000 პროცენტამდეც ადიოდა.
„საპროცენტო განაკვეთის 100 პროცენტამდე და შემდეგ კი 50 პროცენტამდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100 პროცენტამდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ.
„ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. თუმცა, ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ, როდესაც ის ფიზიკურ პირები, რომლებსაც ჭარბი სესხები ჰქონდათ, საუბარია, ძირითადად იპოთეკურ სესხებზე, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.