კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის" შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას დაასუსტებს
კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” წინადადება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას დაასუსტებს.
“მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ თუ პარლამენტი და მთავრობა გადაწყვეტენ, რამდენი ჰქონდეს დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს დამოუკიდებლობას დაასუსტებს. თავის დროზე, დაფინანსების მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმა სწორედ იმით იყო ნაკარნახევი, რომ არხსა და ამ ინსტიტუტს ჰქონოდა მეტი დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის გარანტიები. დაფინანსება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
ამ ინიციატივაში საუბარია, თითქოს, პარლამენტს უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურობა შეამოწმოს. მე ვერ ვიხსენებ, მათ შორის ვერც უმცირესობის მხრიდან, რომ მაუწყებლის წლიური ანგარიშების წარდგენისას, რაიმე ტიპის ადეკვატურა ან საინტერესო კითხვები დასმულიყო პროგრამირების ნაწილში, ან თუნდაც იმაზე, მართლა ეფექტურად იხარჯება თუ არა თანხები”, – აცხადებს კოალიციის წარმომადგენელი.
ნათია კუპრაშვილის თქმით, პარლამენტს დღესაც აქვს ბერკეტი, გააკონტროლოს მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობა, თუმცა ეს ფუნქცია როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან არ გამოყენებულა.
” პარლამენტი ამ ფუნქციას არ იყენებს, მოჩლუნგებულია ეს ფუნქცია, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან”, – აღნიშნა კუპრაშვილმა.
მისივე განცხადებით, გასაკვირია, როდესაც საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი იმ სახით შეიცვალოს, როგორც ეს “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაში წერია.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.