რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გადაკეთებას ითხოვს
რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გადაკეთებას ითხოვს

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძარობის“ ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროგნოზირებადობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას“ .

როგორც საკონმდებლო ინიციატივაშია ნათქვამი, „კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არაეფექტიანი და დროებითი გამონაკლისის სახით დაწესებული პრივილეგირებული ნორმა, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებულია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზე.

მოქმედი კანონით იგი უნდა იყოს წინა წლის მშპ-ს არანაკლებ 0,14 პროცენტი. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5,7 მილიონი ლარით იზრდება“.

„დაფინანსების ეს წესი შემდგომში მხარჯავი დაწესებულების მიერ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის მიზეზი შეიძლება გახდეს. საერთაშორისო პრაქტიკაში არ გვხდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე“, – მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მათივე აზრით, „აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დროებით ნორმას, რომელიც უკვე 8 წელია, მოქმედებს და დღემდე არ დასმულა საკითხი მისი გადახედვის შესახებ“.

„აღნიშნული ჩანაწერი, თავის მხრივ, ასევე აბრკოლებს ძირითადი ნორმის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უნდა იქმნებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელიდან.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი“, – აცხადებენ „ნაცმოძრაობაში“.