კლოდ კერნი - არ შეიძლება, საქართველოში „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონის დამტკიცება განხილული იყოს არჩევნების გათვალისწინების გარეშე, ეს არის ფაქტობრივი რეფერენდუმი დემოკრატიული გზის კუთხით
„უცხოური გამჭვირვალობის“ კანონის დამტკიცება საქართველოში, არ შეიძლება, იყოს განხილული ამ ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინების გარეშე, ეს არის მომავალი არჩევნების ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი წვლილი, ეს არის ფაქტობრივი რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიული გზის და მის მეზობლად მდებარე ქვეყნებთან ალიანსის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს ანგარიშის თანამომხსენებელმა, კლოდ კერნმა განაცხადა.
კლოდ კერნის განცხადებით, მათი შეშფოთება ასევე ეხება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლარიზაციასა და დაძაბულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ამ კანონს ექნება უარყოფითი გავლენა არჩევნების ჩატარებაზე მონაწილე პარტიების ნდობასა და ზოგადად საზოგადოებაზე მისი შედეგების კუთხით. ეს შეიძლება, ძვირი დაუჯდეს ქვეყანას არჩევნების ლეგიტიმაციის და მისი შედეგების თვალსაზრისით. მართალი იქნება, რომ ძალიან გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეეძლებათ ამ არჩევნებზე დაკვირვება. ამ ფონის გარეშე, ჩვენ გვსურს, გამოვხატოთ შეშფოთება ამ კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად. საქართველოში ცვლილებების დამტკიცება ამ არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოში რეალურად ცვლის გზას, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უპარტიო წევრები ირჩევიან. ასევე ბოლო წუთს განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეხება უმრავლესობის პრინციპის შემოღებას გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ცვლილებების ერთობლიობამ უმრავლესობას შეიძლება მისცეს ყველა გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და კონტროლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც ძირს უთხრის პარტიების ნდობას საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა კერნმა.
კლოდ კერნის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები დროდადრო აჩვენებენ, რომ მოწოდებული არიან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისკენ.
„ამასთან, ჩვენ უნდა დავრჩეთ ოპტიმისტურად. საქართველოს მოქალაქეები დროდადრო აჩვენებენ, რომ მოწოდებული არიან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისკენ, მიუხედავად პოლიტიკური კლიმატისა, მტრობისა და რეპრესიებისა. მსურს, შევაგონო საქართველოს მთავრობას, აღიაროს საქართველოს მოქალაქეების იმედები და მისწრაფებები. ისინი იმედოვნებენ დემოკრატიულ მომავალს, კარგად დამკვიდრებულს ევროპულ ოჯახში. ეს იმედები და მისწრაფებები არ შეიძლება, უბრალოდ გვერდზე იყოს გადადებული, უნდა იყოს აღიარებული და პატივცემული. მაშასადამე, ჩვენ გვსურს, დავუსვათ პირდაპირი შეკითხვა საქართველოს მთავრობას: ისევ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული? მზად ხართ თუ არა, დააკმაყოფილოთ ევროსაბჭოს ვალდებულებები? ამ საკითხზე ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, ჩვენ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მომხრე ვართ იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამდვილად ხდება“, – განაცხადა კერნმა.