კლინიკაში აცხადებენ, რომ თბილისში, ფანასკერტელზე ავარიისას დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
რეგიონულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება.
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგოს დაეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.