კლინიკა „ბომონდში“ ორსულს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ზესტაფონიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილი ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანა ზესტაფონის მკვიდრი, 38 კვირის ორსული.
ტემპერატურის დაფიქსირების გამო, მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. ე.წ. სწრაფი ტესტით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მოგვიანებით კი მისი ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამასთან, ორსულს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. კლინიკაში აცხადებენ, რომ დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
„ქალბატონს ასევე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. მისთვის მესამე საკეისრო იყო. ამ დროისთვის პაციენტი იზოლირებულ სივრცეშია მოთავსებული. ველოდებით კვლევის შედეგებს. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ“, – აცხადებს კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.