კლიმატური კატასტროფების პრევენცია და მართვა - თამთა რუხაძის ინტერვიუ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან

შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე კლიმატური ცვლილებებისა და მასზე რეაგირების საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება. გაერო-ს განვითარების პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების, კერძოდ, კლიმატური კატასტროფების პრევენციისა და მართვის ნაწილში საქართველოს მთავრობას აქტიურად ეხმარება. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც იღებენ კლიმატის მწვანე ფონდის დახმარებას. მიღებული ხელშეწყობა უზრუნველყოფს ცვლილებების მიმართ სისტემური მიდგომების განვითარებასა და დანერგვას.

„მოამბე“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა პროგრამებს ახორციელებს გაერო საქართველოში და როგორ შეიძლება კლიმატური ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ანა ჩერნიშოვა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით საჭიროა სიღრმისეული კვლევა.

„კატასტროფის მიზეზებზე დასკვნა ჯერ არ გაკეთებულა. საჭიროა სიღრმისეული კვლევა და ანალიზი, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. გაერო-ს განვითარების პროგრამამ უკვე შესთავაზა საქართველოს მთავრობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, საერთაშორისო ექსპერტები მოვიწვიოთ“, – აღნიშნა ანა ჩერნიშოვამ.

მისი თქმით, მეცნიერები უკვე ბევრი წელია, გვაფრთხილებენ კლიმატური ცვლილებების შესახებ.

„ჩვენ გვესმის ტელევიზიით თუ რადიოს საშუალებით, რომ კლიმატური ცვლილებები ხდება, თუმცა ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ. წლევანდელი ივლისი პლანეტაზე აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი თვე იყო. აუტანელი სიცხის გამო, რამდენიმე ქვეყანა უკვე ფიქრობს ე.წ. ლოქდაუნების შემოღებას, როგორც  კოვიდპანდემიის დროს. ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსსაც კი აღწევს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას რისკს უქმნის. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეც. მართალია, კატასტროფები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო, გაიზრდება მათი სიხშირე და ინტენსივობა. მაგალითად, იქ სადაც  წყალდიდობები ხდებოდა, ახლა უფრო ხშირად მოხდება და ასე შემდეგ. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკი საკმაოდ მაღალია. წყალდიდობა ყველაზე ხშირია, თუმცა ასევე შეიძლება, მოხდეს მეწყერი, ღვარცოფი, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ტყის ხანძარი და მიწისძვრა. ეს ის ბუნებრივი კატასტროფებია, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს. მათი უმეტესობა სწორედ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ საერთო მიდგომაზე, რომელშიც მთლიანად საზოგადოება იქნება ჩართული – მთავრობა, ბიზნესი, მოქალაქეები. უნდა გვახსოვდეს რომ დედამიწა დარჩება, კაცობრიობა კი შეიძლება, გაქრეს იმ გლობალური საფრთხეების გამო, რომელსაც კლიმატის ცვლილება იწვევს“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად არსებობს ორი სტრატეგია – შერბილება და ადაპტაცია.

„შერბილება – ჩვენი მცდელობაა, შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება, არ დავუშვათ მისი გაღრმავება. კლიმატის ცვლილების ყველა შედეგის შემობრუნება შეუძლებელია. მაგალითად, ვერ დააბრუნებ ყინულს, რომელიც უკვე დადნა. თუმცა, რაღაც დონეზე შესაძლებელია, ამ პროცესების გაღრმავება და გაფართოვება შევაჩეროთ. სწორედ ამას ცდილობს ახლა კაცობრიობა. ამ მხრივ ზოგიერთი ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს. მაგალითად, ნორვეგია, დანია და შვედეთი. ეს ქვეყნები თითქმის მთლიანად განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადავიდნენ, რაც სხვებისთვისაც მაგალითია.

რაც შეეხება ადაპტაციას, ესეც გამოწვევაა. ადაპტაცია ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კლიმატის ცვლილების შედეგებისთვის, მათ შორის კატასტროფებისთვის. მაგალითად, ისეთი კატასტროფისთვის, როგორიც შოვში განვითარდა. როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის? ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას გააფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ასევე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ასეთ ან მსგავს სიტუაციებში, რისთვისაც მათთვის გადამზადებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამები უნდა ჩატარდეს. ასევე, უნდა იყოს მონიტორინგის სისტემები, მრავლობითი საფრთხეების ამსახველი რუკები, ხოლო მაღალი რისკის ადგილებში არ უნდა იყოს დაშვებული მშენებლობა, უნდა არსებობდეს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გამართული სისტემა. ეს მიდგომები დაგვეხმარება, თავი დავიცვათ კატასტროფებისგან.

ბევრი რამ, რაც ადაპტაციას უკავშირდება, შეიძლება, დამაბნეველიც კი იყოს. მაგალითად, რაც უფრო მეტად ცხელა, მით უფრო მეტად ვიყენებთ გაგრილების სისტემებს, თუმცა ეს სისტემები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, წვლილი შეაქვს სათბური აირების გაფრქვევაში. სწორედ ამიტომ, განახლებად ენერგიაზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, შევძლებთ, რომ კლიმატური მოვლენებისგან ისე დავიცვათ თავი, რომ გარემო კიდევ უფრო მეტად არ დავაზიანოთ“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვაზე.

„დავიწყებ საუბარს ამ ფართობაშტაბიან საერთაშორისო პროგრამაზე, რომელსაც ამჟამად საქართველოს მთავრობასთან ერთად ვახორციელებთ. ეს შვიდწლიანი პროგრამაა, თუმცა სავარაუდოდ, შვიდი წელიც არაა საკმარისი ამ ყოვლისმომცველი სისტემების შესაქმნელად.

პროგრამის დაფინანსება 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 27 მილიონი აშშ დოლარი კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებაა, ხუთი მილიონი აშშ დოლარი შვეიცარიის მთავრობის წვლილია, ხოლო ოთხი მილიონი აშშ დოლარი შვედეთის მთავრობის დაფინანსებაა. მინდა, აღვნიშნო, რომ დანარჩენი 38 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს მთავრობის წვლილია ამ პროგრამის განხორციელებაში. ამ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველომ მთავრობამ 74 მილიონი აშშ დოლარი მიიღო და არაფერი გააკეთა. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან როგორც ხედავთ, საქართველოს მთავრობა თავად ახდენს ამ პროგრამის თანადაფინანსებას, რისი აღნიშვნაც მნიშვნელოვანია.

პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მოწინავეა ჩვენს რეგიონში. მსგავსი სისტემა რეგიონის სხვა ქვეყნებში არ არსებობს. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის, რათა ეს გამოცდილება გამოიყენოს. ცოტა ხნის წინ უზბეკეთის დელეგაციას ვუმასპინძლეთ. მათ სურთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამის გარკვეული კომპონენტები უზბეკეთში განახორციელონ.

ამ პროგრამის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველია ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის შექმნა -მდინარეებში წყლის დონის მონიტორინგი,როცა მდინარეში წყლის დონე მოიმატებს, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ.

მეორე კომპონენტია მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის შექმნა. ჩვენ ვმუშაობთ 11 მდინარის აუზებში. მხედველობაში მაქვს საქართველოს ყველაზე დიდი მდინარეები, როგორიცაა, მაგალითად, რიონი, ენგური, ა.შ.

მესამე კომპონენტია კლიმატური საფრთხეების მიმართ მედეგობის გაუმჯობესება როგორც ეროვნულ, ისე სათემო დონეზე. ყველაფერი ერთად დაგვეხმარება კლიმატის ცვლილების გამოწვეული კატასტროფების რისკების მონიტორინგში, პროგნოზირებაში, საზოგადოების ინფორმირებაში და მთავრობის მზადყოფნის უზრუნველყოფაში. როცა ეს სისტემა სრულად ამუშავდება, რაც ჩვენი გათვლით 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში მოხდება, ასეთი კატასტროფების წინასწარმეტყველება და მათზე რეაგირებაც უფრო ადვილი გახდება“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

მისივე თქმით, ყველაფერი სწორედ პირად დონეზე იწყება და უკვე შემდეგ ვრცელდება კერძო სექტორსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე.

„მთავრობას ალბათ ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა აქვს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ, რადგან წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა შერბილებისა და ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა. ეს კი ნიშნავს განახლებად ენერგიაში ინვესტიციას, რაც სახელმწიფოს დონეზე უნდა განხორციელდეს.

კერძო სექტორის როლიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ამ სექტორს თავისი წვლილი შეაქვს სათბური აირების ემისიების ზრდაში. ბიზნესმა ახალი, კლიმატმეგობრული ტექნოლოგიები უნდა დანერგოს, რათა ემისიები შეამციროს.

ვიცი, რომ თქვენს არხს ბევრი ფერმერი უყურებს. მინდა, ვუთხრა მათ, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგალითად, არ უნდა დაწვან ნარჩენები, რაც ხშირად ხდება, რადგან ეს იწვევს სათბური აირებისა და მეთანის გაფრქვევას.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ადამიანებს, ყველა ჩვენგანს ბევრის გაკეთება შეუძლია. ერთ-ერთი მაგალითია ფრენების შემცირება და ავტომობილით გადაადგილების შემცირება.

გაერო-ს განვითარების პროგრამაში ვცდილობთ, დავნერგოთ გარემოსადმი მეგობრული ცხოვრების წესები. უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ჰიბრიდულ ავტომობილებს ვიყენებთ. ვახარისხებთ ნარჩენებს და ვაბარებთ კომპანიებში, რომლებიც მათ გადამუშავებას უზრუნველყოფს. ბევრი თანამშრომელი, მათ შორის მეც, მონაწილეობს ეკოაქტივობებში. მაგალითად, თვეში ერთი დღე გვაქვს ხორცის გარეშე და ერთი დღე ავტომობილების გარეშე. ეს მცირე ნაბიჯებია, მაგრამ მათი გადადგმა ყველა ადამიანს შეუძლია“, – აღნიშნა ანა ჩერნიშოვამ.