კლიმატის ცვლილების შეჩერება შესაძლებელია, თუ ახლავე ხეების დარგვას დავიწყებთ - ახალი კვლევა
თუკი ახლავე დავიწყებთ და ჩვენი პლანეტის ზედაპირის 4,4 მილიარდ ჰექტარზე ხეებს დავრგავთ, საკმარისი იქნება, რომ შთანთქას ბოლო ათწლეულებში ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირბადი.
შარშან, შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის (ციურიხი) მკვლევარმა თომას კროუზერმა და მისმა კოლეგებმა სცადეს გაერკვიათ, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ნახშირბადის გამოყოფის წინააღმდეგ იქამდე, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის.
თებერვალში, სპეციალურ კონფერენციაზე თავის ჯგუფთან ერთად მან კვლევის შედეგები წარმოადგინა — როგორ შეუძლია ბიომრავალფეროვნებას შეინახოს ზედმეტი ნახშირბადი ხეებსა და სხვა ორგანულ მასალებში.
ახლახან, მათ თავიანთ კვლევის დეტალები გამოაქვეყნეს; ახალი ამბები არც თუ ისე სასიამოვნოა.
ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა პლანეტაზე ტყეების გაშენების პოტენციალს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ მხედველობაში არ მივიღებთ მსოფლიოს იმ ნაწილებს, სადაც უკვე არის ტყეები, სივრცე მაინც რჩება — მილიარდობით ჰექტარი, სადაც შეგვიძლია, ხეები დავრგოთ.
თუმცა, არის ერთი პატარა პრობლემა. გლობალური კლიმატი სწრაფად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ათწლეულებში, პოტენციური გამწვანებისთვის ხელსაყრელი ეს სივრცე მნიშვნელოვნად შემცირდება.
გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) რეკომენდაციით, იმისათვის, რათა 2050 წლისთვის პლანეტაზე ტემპერატურის 1,5 გრადუსი ცელსიუსით მატების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მწვანე საფარის ზრდა. ახალი კვლევა ამ რეკომენდაციასთან სრულ თანხვედრაშია.
საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, რამდენი ხის დარგვაა საჭირო გამონაბოლქვის კომპენსირებისთვის; ასევე საჭიროა ვიცოდეთ, შეგვიძლია თუ არა ამდენი მცენარის გამოყვანა.
წინა კვლევებმა დაახლოებითი შეფასებები დადო, რაც ძირითადად თანამედროვე ეკოლოგიური ზონების ტევადობას ეფუძნებოდა. მართალია, ვიცით, რომ ამ ზონების გაფართოება შეიძლება, მაგრამ კვლევები არაფერს ამბობდა ღია ზონების პოტენციალზე.
უფრო ზუსტი რიცხვების გასარკვევად, კროუზერის ჯგუფმა შეისწავლა იმ დაცულ ტერიტორიათა დიაპაზონი, რომლებიც ადამიანთა მიერ მძიმედ დაზიანებული არ არის.
„გუგლ ეარსის“ საინჟინრო ხელსაწყოს გამოყენებით ჩატარებული 80 000 გაზომვის შემდეგ, მკვლევრებმა უკეთესად განსაზღვრეს იმ ფართობის მოცულობა, რომელიც ნახშირბადის შესამცირებლად ტყეებით უნდა დავფაროთ.
მათი გამოთვლებით დადგინდა, რომ ამჟამად მეჩხერი მცენარეულობით დაფარული 1,7 — 1,8 ჰექტარი დაბალი ხარისხის ნიადაგის მქონე ზონები ხეებისთვის ხელსაყრელია.
თუკი ამ ზონებში შესაბამისი სახეობის ხეებს დავრგავთ, დედამიწას 0,9 მილიარდი ჰექტარი ტყე შეემატება, რაც 200 გიგატონა ნახშირბადს შეინახავს.
რიცხვების გაზრდა შესაძლებელია, თუ ტყეებს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ქალაქებშიც გავაშენებთ. ამ შემთხვევაში, ხეების დარგვა თეორიულად შესაძლებელია 8,7 მილიარდ ჰექტარზე.
იდეა შესაძლოა, არც თუ ისე საზრიანია, რადგან ტყეების ზრდისთვის საჭირო გარემო პირობები მთლიანად დაფუძნებულია ამჟამინდელი კლიმატის პირობებზე. თუკი კურსს არ შევიცვლით, დაახლოებით 223 მილიონი ჰექტარი, ძირითადად ტროპიკებში, 2050 წლისთვის ტყეების გასაშენელბლად უკვე არახელსაყრელი იქნება.
ერთ-ერთი გამოსავალია საზოგადოების შეგულიანება, რომ დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე, განსაკუთრებით ამჟამად დეგრადირებულ ტყეებში.
კროუზერის განცხადებით, კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამჟამად არსებული ტყეების დაცვა, სხვა გამოსავალთა ძიება და წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა.
მისივე თქმით, თუ მოქმედებას ახლავე დავიწყებთ, შესაძლებელია, რომ ნახშირორჟანგის დონე 25 პროცენტით შემცირდეს და დაუბრუნდეს თითქმის საუკუნის წინანდელ მაჩვენებელს.
ტყის საფარის მოცულობა დედამიწაზე წლიდან წლამდე მცირდება, მაგრამ გარკვეული იმედის საფუძველი მაინც არსებობს.
საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ძალისხმევაზე. ტყეებისთვის ადგილი არის, საჭიროა მხოლოდ ერთობლივი მოქმედება.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.