კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები „პისიარ“ ტესტირებას გაივლიან
კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები „პისიარ“ ტესტირებას გაივლიან

კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები „პისიარ“ ტესტირებას გაივლიან. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომელთა შესრულება კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში იქნება საჭირო.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე უნდა დაწესდეს სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე (გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა).

უნდა გამოიყოს მინიმუმ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე) რომელიც პასუხისმგებელი იქნება პრევენციული ღონისძიებებისა რეკომენდაციების შესრულებაზე.

კინოგადაღებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) ტესტირებას გაივლიან, როგორც საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელი პირები.

გადასაღებ მოედანზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება. ერთიან შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ყოველდღიური თერმოსკრინინგი.

კინოწარმოების პროცესში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაძლებლობის ფარგლებში, შემცირდეს სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია.

უნდა მოხდეს მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა.

გადასაღები მოედნის, ასევე მოედნის ტერიტორიაზე არსებულ ან კინოწარმოებისათვის გამოსაყენებელი ყველა შენობის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.

გადაღების პროცესში ჩართული, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა/მესამე პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანები და სახის დამცავი ფარი.

გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სულ ცოტა ოთხი პირბადე 12- საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონრაქტორებასაც.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოყენებული ინვენტარის, რეკვიზიტების, ტექნიკის საშუალებების, დასხვა გამოყენებული აღჭურვილობის დადგენილი წესითწმენდა/დეზინფექციის კონტროლი; კოსტიუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება შესაბამისი წესით. სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი;

საჭიროა გრიმიორსა და თმის სტილისტს ეკეთოთ პირბადე, ხელთათმანები და სახის დამცავი ფარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით.

ორგანიზატორებმა კინოგადაღების სამუშაო/სამოქმედო სივრცეში მყოფი ყველა პირი უნდა უზრუნველყონ ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (შეუძლებლობის შემთხვევაში სავალდებულოა ხელის დამუშავება არანაკლებს 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით).

ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოხვდეს კინოგადაღების პროცესში მონაწილე პირი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 70%-იანისპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო ჯგუფის ის წევრები, რომელთათვისაც შეუძლებელია სადეზინფექციო სტენდებთან მისვლა,  ჯიბის ერთჯერადი სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ინდივიდუალური სანიტაიზერებით.

უნდა მოხდეს გადასაღებ მოედანზე, დახურულ პავილიონებში შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებების შიდა სივრცეების (სალონი) ყოველდღიური დეზინფექცია, რომელსაც გადაჰყავს გადამღები ჯგუფის წევრები.

კინოგადაღების პროცესში უნდა დაწესდეს სანიტარული შესვენებები;

სამოქმედო/სამუშაო სივრცეში პერიოდულად უნდა დასუფთავდეს ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის ღილაკები, სახელურები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

სამუშაო/სამოქმედო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი.

საერთო გამოყენების დახურული სივრცეები ყოველდღიურად უნდა დალაგდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს.