კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 19 იანვრისთვის გადაიდო
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 19 იანვრისთვის გადაიდო. სასამართლოს გენერალური პროკურატურის აპელაცია უნდა განეხილა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.
მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, გადაეტანათ აპელაციის განხილვა, ვინაიდან სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ ის დეპუტატები, მათ შორის იულია ტიმოშენკო, რომლებიც მას გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებში ჩაუდგნენ. მოსამართლემ ოდესის ყოფილი გუბერნატორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტების წინაშე განცხადება გააკეთა. მან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კორუფციაში დაადანაშაულა.
კერძოდ, სააკაშვილმა წარადგინა კრამატორსკის სასამართლოს დადგენილების ტექსტი, რომელიც 10 იანვარს არაბულმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირამ“ გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ცნობით, დადგენილება ქონების კონფესკაციას ეხება, უკრაინის ხელისუფლებამ მოგვიანებით ეს დოკუმენტი გაასაიდუმლოა, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებად გამოაცხადა.
დოკუმენტში განმარტებული იყო იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ უკრაინიდან ფულის გატანის სქემა. გამოძიების მონაცემებით, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ქვეყნიდან 1,5 მილიარდი დოლარის გატანაში ნაციონალური ბანკის თავმჯდომარის ვალერია გონტარიოვას საინვესტიციო კომპანია დაეხმარა. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა „ალ-ჯაზირას“ მიერ გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობა ვერც დაადასტურა, ვერც უარყო, რადგან, მისი თქმით, დოკუმენტზე არც ხელმოწერა და არც ბეჭედია დასმული.