მტვრიანი, დიდებული, კომპლექსური პლანეტა მარსი ერთ დროს შეიძლება, კიდევ უფრო თვალისმომჭრელი იყო. ახალი კვლევა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ წითელ პლანეტას ერთ დროს გარს ერტყა ქვისა და ყინულის რგოლი.
ამის გასაღები მარსის ორი მთვარიდან ერთში, პატარა დეიმოსში იმალება. წითელ პლანეტას ის გარს უვლის პლანეტის ეკვატორისადმი ოდნავ დახრილად, რაც თავისუფლად შეიძლება იყოს პლანეტური რგოლის მიერ გამოწვეული გრავიტაციული არეულობის შედეგი.
რგოლების სისტემა პლანეტებში იშვიათი არ არის. როდესაც რგოლების სისტემაზე ფიქრობთ, ალბათ მაშინვე სატურნი გახსენდებათ, მაგრამ გეტყვით, რომ რგოლები მზის სისტემის პლანეტათა ნახევარს აქვს — სატურნს, ურანს, ნეპტუნს და იუპიტერს. რგოლები აქვთ ჯუჯა პლანეტა ჰაუმეას და კენტავრების ჯგუფის წარმომადგენელ ასტეროიდებს — ჩირონსა და ჩარიკლოს.
2017 წელს, მკვლევართა წყვილმა ივარაუდა, რომ რგოლები წარსულში მარსსაც ჰქონდა. მარსის უფრო დიდ მთვარე ფობოსს მათ კომპიუტერული სიმულაციები ჩაუტარეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ის შეიძლება წარმოქმნილიყო მარსზე ასტეროიდის დაცემის შედეგად, რის გამოც კოსმოსში გაიტყორცნა ნარჩენები და წარმოიქმნა რგოლი, რომელიც შემდეგ ერთ ადგილას შეგროვდა და წარმოქმნა ფობოსის ადრეული ფორმა, ოღონდ ის მაშინ გაცილებით მასიური იყო, ვიდრე დღეს არის.
ამჯერად, ახალმა კვლევამ ამ მიქსში მეორე მთვარე, დეიმოსიც დაამატა; შედეგები აბსოლუტურად ეთანხმება წინა მოდელს.
„ის ფაქტი, რომ დეიმოსის ორბიტა მარსის ეკვატორის ზუსტ სიბრტყეში არ არის, უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა და ამის ახსნაზე არავინ ზრუნავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდებული იდეა გაგვიჩნდა და ამ საკითხს ახალი თვალით შევხედეთ, დეიმოსის ორბიტულმა დახრილობამ დიდი საიდუმლო გაგვიმხილა“, — ამბობს SETI-ს ინსტიტუტის ასტრონომი მატია ჩუკი.
დეიმოსის ორბიტული დახრილობა დიდი არ არის, მხოლოდ 1,8 გრადუსს შეადგენს მარსის ეკვატორის მიმართ. ამის მიუხედავად, მისი ორბიტა ფრიად ნორმალურია — მარსის გარშემო ის 30 საათში ერთხელ მოძრაობს უკიდურესად დაბალი ექსცენტრიულობით. სწორედ ამიტომ არ ფიქრობდა არავინ, რომ იქ რაღაც უცნაური ხდებოდა.
თუმცა, რაღაც უცნაური ნამდვილად ხდება ფობოსთან. ის მარსთან უფრო ახლოს არის და ერთ გარშემოვლას 7 საათსა და 39 წუთს ანდომებს; თანაც, მარსს წელიწადში 1,8 სანტიმეტრით უახლოვდება.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო 100 მილიონი წლის განმავლობაში, ფობოსი როშის ზღვარს მიაღწევს, მარსიდან მანძილს, საიდანაც პლანეტის მიზიდულობის ძალები მას დაშლის.
ნაშალის უმეტესობამ შეიძლება წარმოქმნას რგოლი, რომელიც თანდათან მარსზე ჩამოიშლება, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება ხელახლა წარმოქმნას უფრო პატარა, ახალი ფობოსი, რომელიც რგოლისგან განსხვავებით, გარე მიმართულებით წავა.
2017 წლის კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება უკვე რამდენჯერმე მოხდა წარსულში. სწორედ ასე შეიძლება გაჩნდა დეიმოსი.
კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, ჩუკმა და მისმა ჯგუფმა სცადა გაერკვია, რა გავლენას მოახდენდა დეიმოსის ორბიტულ დახრილობაზე პროტო-ფობოსის ასეთი გარეთ მიმართული მოძრაობა. სიმულაციებმა აჩვენა, რომ პროტო-ფობოსი ამჟამინდელზე 20-ჯერ მასიური იყო, რითაც დეიმოსთან 1:3 ორბიტულ რეზონანსში უნდა შესულიყო მარსის 3,3 რადიუსის მანძილზე, რამაც დეიმოსის ორბიტა ოდნავ გადახარა.
ეს კი მკაფიოდ ემთხვევა დეიმოსის დღევანდელ ორბიტას, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში შედაებით უცვლელი დარჩა.
ჩუკის თქმით, ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის წინ, ასტეროიდებით გვიანდელი მძიმე ბომბარდირების შემდეგ, რამაც სავარაუდოდ დაანგრია დეიმოსი; შემდეგში ეს მთვარე ხელახლა უნდა აწყობილიყო, მაგრამ ნულოვანი დახრილობით. თუმცა, ეს ძალიან გვიანაც ვერ მოხდებოდა, რადგან პროტო-ფობოს-დეიმოსის რეზონანსი დასაწყისისთვის დაბალ დახრილობას მოითხოვს.
„ჩვენი აზრით, ეს პროცესი სადღაც 3,5 მილიარდი წლის წინ მოხდა, რაც ბრწყინვალედ ემთხვევა წინა კვლევის გაანგარიშებებს, რომელთა მიხედვითაც, მარსს ჰქონდა ფობოსზე 20-ჯერ მასიური შიდა მთვარე“, — ამბობს ჩუკი.
დეიმოსის სავარაუდო დანგრევა და დაბალი დახრილობით ხელახლა წარმოქმნა ასევე ნიშნავს იმას, რომ ასტეროიდებით ბომბარდირებას მთვარის ორბიტის განადგურება არ უნდა გამოეწვია. დაცემულ ასტეროიდს უნდა მოეშალა დახრილობაც და ექსცენტრიტეტიც. თუმცა, ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დეიმოსის ექსცენტრიტეტი ძალიან დაბალია.
რაც შეეხება პროტო-ფობოსს, მარსის გრავიტაციას ის კვლავ უნდა დაეშალა.
„რგოლის გაქრობის შემდეგ, მარსის მიზიდულობის გამო ფობოსმაც დაშლა დაიწყო, რადგან ის მარსთან საკმაოდ ახლოს იყო. გრავიტაციულ ძალებს მისგან ორი ახალი რგოლი უნდა წარმოექმნა და ეს ციკლი სავარაუდოდ უკვე ორჯერ განმეორდა, რათა მიგვეღო ისეთი ფობოსი, როგორიც ის დღესაა“, — ამბობს ჩუკი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი ფობოსი დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა; ამ თეორიის შემოწმება კი მეცნიერებს მალე შეეძლებათ.
იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) 2024 წელს ფობოსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს. ეს ხომალდი მისი ზედაპირის ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე გამოგზავნის.
შემდეგ უკვე შესაძლებელია ამ ნიმუშების დათარიღება და ფობოსის ზედაპირის ასაკის დადგენა. თუ აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლისაა, ჯგუფის პროგნოზი მტკიცებულებით დადასტურდება.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნება, მანამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.