ხულოში, სოფელ კალოთაში, სადაც სკოლის შენობა დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩავიდა
ხულოში, სოფელ კალოთაში, სადაც დღეს საღამოს სკოლის შენობა დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა სოფელში სასწავლო პროცესი არ შეწყდეს, უახლოეს დღეებში კი მომზადდება სკოლის ახალი პროექტი და სოფელს მალე ექნება სკოლის ახალი შენობა.
„მეხანძრე-მაშველები ახლაც აგრძელებენ ხანძრის ლიკვიდაციას. დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.