ხორავაზე მოკლული არასრულწლოვანის დედა - როდესაც ოჯახი არ აკეთებს კომენტარს, ყველას ვთხოვ, ჩემი შვილის სახელით ნუ საუბრობთ
ხორავაზე მოკლული არასრულწლოვანის დედა - როდესაც ოჯახი არ აკეთებს კომენტარს, ყველას ვთხოვ, ჩემი შვილის სახელით ნუ საუბრობთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა ნათია საყვარელიძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მისი შვილის სახელით საუბრისგან, როდესაც ოჯახი კომენტარს არ აკეთებს.

მისი თქმით, არ შეიძლება აღნიშნული ტრაგედიის შოუში გადაზრდა.

მოკლული არასრულწლოვანის დედამ დღეს კომენტარი პირველად გააკეთა. ის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა, სადაც ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც არასრულწლოვნებისთვის მიყენებულ ჭრილობებზე ისაუბრეს.

„როდესაც ოჯახი არ აკეთებს კომენტარს, ყველას ვთხოვ, ჩემი შვილის სახელით ნუ საუბრობთ. აქამდე არაფერს ვამბობდი, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ჩვენი დადებითი ან უარყოფითი შეხედულება. ველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

დედის თქმით, მისი შვილი აღნიშნული კონფლიქტის ისეთი მსხვერპლია, რომელსაც კონფლიქტთან შეხება არ ჰქონია.

„კომენტარებიდან გამომდინარე ეს ტრაგედია შოუს სახეს იღებს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კუპრავა, სუბელიანი, კაკუბავა, ამათი ჩართვა არ შეიძლება. ამ ტრაგედიის შოუში და პოლიტიკურ სახეში გადაზრდა არ შეიძლება“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, მისი თქმით, თავად მედიკოსია და იცის, რა ჭრილობებიც ჰქონდა მის შვილს და რომ მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი.

„მე თავად მედიკოსი ვარ, ვიცი, ჩემს შვილს რა ჭრილობები ჰქონდა და რაც ექსპერტიზაში წერია ამ ყველაფერთან არ მაქვს კითხვები. ისიც ვიცი, რომ მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი ისეთი ჭრილობები ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო ჩემს შვილთან მიმართებით არიან თუ არა დამნაშავეები ისინი, ვინც განსასჯელის სკამზე სხედან. საშინელებაა ეს ვინმე სხვას დააბრალო და ეს ჩემთვის იქნება დიდი ცოდვა. მრჩება შთაბეჭდილება, ვინც განსასჯელის სკამზეა, დამნაშავეები არიან. მე შევძელი, გაჩუმებული ვარ, სხვებიც ნუ გააკეთებენ კომენტარს“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი პროკურორი, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, მირზა სუბელიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველ კადრებს ინახავს. მისი თქმით, მირზა სუბელიანი პროკურატურას კადრებით აშანტაჟებს.