ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების ბოლო მოწმის დაკითხვა 26 თებერვალს გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. დღეს ბრალდების მხარემ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ძმა, ლ.კ. დაკითხა. შეკითხვები მხოლოდ მის მიმართ მერაბ მორჩაძის მიერ სავარაუდო ზემოქმედების ფაქტს ეხებოდა, რადგან ძირითად საქმეზე მოწმე საქალაქო სასამართლოში უკვე იყო დაკითხული.
მოწმის დაკითხვა ნაწილობრივ ჩატარდა და შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე გ.ბ.-ს ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა და მ.კ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებების საქმეზე დართვა მოითხოვა, რითაც უფლებადამცველის თქმით, მ.კ.-ს არასანდოობა და ჩვენებების შეცვლა დასტურდება. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ ეს ოქმები პროკურატურამ დამალა.
დაცვის მხარის ბრალდებას პროკურორმა უპასუხა. თორნიკე ნადირაძე ამბობს, რომ ეს ოქმები, სხვა მასალებთან ერთად, ჯერ კიდევ სექტემბერში მიაწოდეს დაცვის მხარეს და მისთვის გაუგებარია, რაზე საუბრობს ადვოკატი.
ლ.კ. ბრალდების მხარის ბოლო მოწმეა. მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ, წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
საქმეზე მომდევნო სხდომა 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.