თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყვნენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც არასრულწლოვნებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე ისაუბრეს.
დაცვის მხარის მტკიცებით, დაკითხული ექსპერტების ჩვენებით დადასტურდა, რომ მკვლელობის იარაღი ორ დანაზე მეტია.
„ექსპერტებმა უპასუხეს სხვადასხვა შეკითხვებს, რაც დაცვის პოზიციას გაამყარებს. დავკითხეთ ერთ-ერთი კონფლიქტის მონაწილე, რომლის ჩვენებაც აუცილებლად გაამყარებს ჩვენ პოზიციას. ამ ყველაფერს დასკვნით სიტყვაში აქტიურად დავასაბუთებთ.
მე პირადად, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ამ ყველაფერში მეტი დანა და მეტი პირი ფიგურირებდა. ექსპერტების ჩვენებებმა ეს დაადასტურეს”,- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
დაცვის მხარის ამ განცხადებას არ ეთანხმება საქმის პროკურორი.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული ექსპერტები მკვლელობის იარაღთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობდნენ, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის.
„დაიკითხა ოთხი მოწმე, აქედან ორი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. ისაუბრეს დაზიანებებზე. ერთი მოწმე იყო შემთხვევის ადგილზე, იცის რა ვითარებაში მოხდა ჩხუბი. მოწმემ თქვა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა.
დღეს დაკითხულმა ექსპერტებმა მხოლოდ დაზიანებებზე ისაუბრეს, დაცვის კითხვებზე რაც დანას ეხებოდა, ორივე ექსპერტმა თქვა, რომ ეს კითხვები არაა მათი კომპეტენცია. ეს ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ავრცელებს დაცვის მხარე ამ ინფორმაციას”,- პროკურორმა ზვიად განაცხადა ფხაკაძემ.
მომდევნო სხდომა 24 აპრილს არის ჩანიშნული.