ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას განიხილავენ. იკითხება ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ნიკოლეიშვილის დაკითხვა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ექსპერტი საქმეში ახალ საგანზე, მაკრატელზე საუბრობს.
„პროცესზე ვთქვი, რომ საქმეში მაკრატელი იყო თუმცა ვერ ვიტყვი როგორ მოხვდა ეს საქმეში ან ვის დარჩა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გარემოებაზე აქამდე არ ყოფილა გამახვილებული ყურადღება. ამასთან მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მან ექსპერტიზა ჩაატარა მხოლოდ მტკიცებულებებზე.
„კვლევა ჩავატარე ნივთმტკიცებებზე ტანსაცმელსა და დანებზე. აღწერილობები იძლეოდა ეჭვების საფუძველს. თვალით ვნახე და ამის დოკუმენტირება მოვახდინე პროცესზე. ფაქტობრივად პროკურორები ჩემგან ითხოვდნენ პასუხებს, რაზეც მათ 6 თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მათთვის მოულოდნელი იყო ის რაზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა. პროკურორები არ ისმენენ იმას, რასაც მე ვამბობ და ცვლიან ჩემს ნათქვამს. მე ვთქვი რომ საქმეში მაკრატელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი როგორ მოხდა ეს საქმეში ან ვის დარჩა”,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა
„მაკრატელი ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი“,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკახემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, აღნიშნული მაკრატელი არ არის მკვლელობის იარაღი და ის მკვლელობის ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.
„ჩვენი მხირდან დასმულ კრიტიკული შეკითხვებს ქალბატონი ექსპერტი ვერ პასუხობს. თითოეული კითხვის შემდეგ ითხოვს გარკვეულ დროს რათა დასკვნაში ასახული თემის თაობაზე გასცეს პასუხი. თუმცა ის იძლევა აბსტრაქტულ პასუხებს. ეს პასუხები არის დაუსაბუთებელი და თითოეული პასუხის შემდეგ გვიჩნდება ახალი შეკითხვა თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს მაია ნიკოლეიშვილი დასკვნებს. მაია ნიკოლეიშვილი არის მედიცინის დარგში ექსპერტი და ის საუბრობს არა სამედიცინო კვლევასთან დაკავშირებით, არამედ ტანსაცმელზე ჩატარებულ კვლევაზე. ეს რადიკალურად განსხვავდება მედიცინის სფეროსგან. მთავარი არის არა ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, არამედ სხეულზე არსებული დაზიანებები. ჩვენ ბრალდებულებს ვედავებით სხეულზე არსებულ დაზიანებებს.
ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია კანზე. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ვერ მოესწრებოდა ჩატარება. ის ასევე ამბობს, რომ ვარაუდებზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს“,- აღნიშნა საქმის პროკურორმა.