ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის მიერ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის სავარაუდო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხეს.

ექსპერტი საგამოძიებო უწყებაში ორსაათზე მეტხანს იმყოფებოდა.

როგორც ნიკოლიეშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, 26 მაისს რა ფორმით განხორციელდა მასზე, როგორც ექსპერტზე, ზეწოლა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მე განვმარტე, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სუფევდა პროკურორების მიერ იმ დღეს, პრაქტიკულად იყო ძალიან დაძაბული. მე ვთქვი, რომ ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი, ერთიც და მეორეც, ითხოვდა სისხლის სამართლის აღძვრას. პროკურორების მხრიდან საუბარი იყო, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი დასკვნა იყო სულელური და აბსურდული“,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის მიერ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის სავარაუდო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია სწავლობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მზად არის მის მიმართ არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს. პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და დაცვის მხარის ბრალდებები.

მხარეებს შორის დაპირისპირება ნიკოლიეშვილის იმ დასკვნამ გამოიწვია, რომელიც მან ადვოკატების დაკვეთით შეასრულა. დასკვნის მიხედვით, საქმეში არსებული დანების გარდა დაღუპულებისთვის დაზიანებები შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო სხვა ბასრი საგნებითაც.