ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექიმი და გენეტიკის ექსპერტი დაკითხეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექიმი და გენეტიკის ექსპერტი დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი მოწმე დაკითხეს.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმკიცებულებებზე არსებული ბიომასალა როგორც ბრალდებულების, ასევე გარდაცვლილების ბიომასალის იდენტურია. პროკურორის განცხადებით, სწორედ ამაზე ისაუბრა დღეს სასამართლო სხდომაზე გენეტიკის ექსპერტმა.

„სასამართლოს მიერ მოესწრო მხოლოდ ორი მოწმის დაკითხვა. აქედან ერთი მოწმე იყო ექიმი, რომელმაც ერთ-ერთ გარდაცვლილს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სტაციონარში მიყვანისთანავე. ხოლო მეორე მოწმე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც ისაუბრა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებულებებზე, ასევე, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებზე არსებული ბიომასალების თაობაზე და მათ თანხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეში მონაწილე პირებთან, მათ შორის ბრალდებულებთან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმკიცებულებებზე, მათ შორის დანებზე არის როგორც ბრალდებულების გენეტიკური პროფილი დაფიქსირებული, ასევე გარდაცვლილების გენეტიკური პროფილი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.

ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ როდესაც ახალი ექსპერტიზის შედეგები გახდება ცნობილი, დადასტურდება, რომ არასრულწლოვანს ჭრილობა არა ორმა, არამედ გაცილებით მეტმა პირმა მიაყენა.

„დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ის, რაც ბრალდების დადგენილებაში არის მითითებული, ძალიან განსხვავდება სიმართლისგან. თუ ჩვენ დავაკვირდებით, თუნდაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დავინახავთ, რომ იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული გარდაცვლილს – სხვადასხვა ლოკალიზაცია, ჭრილობის სხვადასხვა მიმართულებები, ჩვენ აუცილებლად დავრწმუნდებით, რომ ამ ადამიანს ჭრილობები მიაყენა არა ორმა, არამედ გაცილებით მეტმა პირმა“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობა ედება ბრალად.