ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ ეტაპზე კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზეც პროკურატურა მოწმეებს დაკითხავს. მათ შორის იქნებიან არასრულწლოვნები, რომლებიც პირველ დეკემბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და კონფლიქტშიც მონაწილეობდნენ.

იმ არასრულწლოვნების უმეტესობა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, უკვე დაიკითხა სასამართლოში. მათი უმრავლესობა საქმის ე.წ. პირდაპირი მოწმეა.

მხარეები ამბობენ, რომ ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის მთავარი გარემოებები სწორედ იმ მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ. თუმცა, ყოველი სხდომის შემდეგ ადვოკატები მიუთითებენ მოზარდების მხრიდან შეცვლილ ჩვენებებზე და იმაზე, რომ ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აჟღერებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ორი არასრულწლოვანი, რომლებსაც მოსწავლეების ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, უკვე ხუთ თვეზე მეტია პატიმრობაში არიან. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად ორ თვეზე ნაკლები დარჩა.