ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი იკითხება, რომლის მამაც შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩვენებას ის არასრულწლოვანი აძლევს, რომლის მამაც ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
სწორედ ამ არასრულწლოვანს სთხოვა მისმა დეიდაშვილმა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებოდა.
პირველი არხის ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამოძიების ეტაპზე ორჯერ დაჰკითხეს. დაკითხვის ოქმებს შორის კი ინტერვალი მხოლოდ ერთი დღეა და ის სხვადასხვა გარემოებაზე საუბრობს.
საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობა მასაც ედება ბრალად, თუმცა ის არასრულწლოვანია და მასზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს, რის გამოც, ის დაკავებული არ არის.
ხორავას ქუჩაზე, გასული წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, 10-ზე მეტი არასრულწლოვანი უკვე დაიკითხა.