ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს გამოიკვლევენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს გამოიკვლევენ. ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც იმ არასრულწლოვნის ადვოკატის დაკვეთით მომზადდა, რომელსაც ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა.
ამავე პროცესზე დაკითხავენ იმ ექსპერტებს, რომლებიც ექსპერტიზის მომზადებაში იღებდნენ მონაწილეობას.
სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსაც დაკითხავენ.
„დღეს მოხდება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. მან ასევე ექსპერტები უნდა დაკითხოს. დაკონკრეტება, მოხდება თუ არა დასკვნის წარმოდგენა, ჩემთვის უცნობია. ბრალდების მხარე აფიქსირებს პოზიციას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ასევე ვიდეოკამერები და სხვა მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებენ ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.