ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შესაძლოა, ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთონ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შესაძლოა, ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთონ

დაცვის მხარის მოთხოვნით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, შესაძლოა, ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთონ, – ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტების დახმარებით, მნიშვნელოვან კითხვებს გაეცემა პასუხები.

„დაახლოებით ორ დღეში, საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ. ისინი მოწვეული არიან დაცვის მხარის ინიციატივით, ვინაიდან სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა”, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ჩვენებები შეცვალონ.

„ჩვენი მოლოდინია, რომ თუ ბრალდების მხარე წარმოადგენს დღეს მნიშვნელოვან მოწმეს, ის ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ეს აქამდე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ გააკეთა, ვინაიდან გამოძიება აბსოლუტურად არასწორად არის წარმართული, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.