ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის დაკითხვა 17 აპრილს გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა 17 აპრილს გაგრძელდება.
დღეს უკვე მეორედ მოუსმინეს მოზარდს, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
მასზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და პატიმრობაში არ იმყოფება.
ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია მისი მამა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დღეს სასამართლოში სწორედ ის მოზარდი დაიკითხა, რომელსაც პირველ დეკემბერს დეიდაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ არასრულწლოვნებთან დაპირისპირების გამო, დახმარება სთხოვა.
წინა სხდომაზე მოზარდმა სასამართლოს მასზე განხორციელებული ზეწოლაზე უამბო. ამის შესახებ დახურული სხდომიდან გამოსული დაზარალებული, მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საუბრობდა.
წინა სხდომაზე არასრულწლოვნის დაკითხვა ვერ დასრულდა. დღეს კი სხდომის შემდეგ როგორც დაცვის მხარემ, ასევე პროკურატურამ, მათ შორის დაზარალებულმაც თქვეს, რომ ზეწოლაზე მოწმეს აღარ უსაუბრია.
მათი თქმით, მოზარდმა წინა პროცესზე მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უარყო, ეს კი იმით განმარტა, რომ ბრალდებულების, მისი მეგობრების დაცვა სურდა.
ადვოკატები არასრულწლოვანი მოწმის მიერ გაჟღერებულ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მოწმის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.