ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი მოწმის ჩვენებების გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურასა და ომბუდსმენს მიმართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი სახალხო დამცველსა და პროკურატურას დღეს წერილობითი განცხადებით მიმართავს.
ოჯახის მოთხოვნაა, დადგინდეს, ვინ გაახმაურა არასრულწლოვნების საქმის დახურული პროცესებიდან მოწმის ჩვენებები და რას ემსახურება ეს ქმედება.
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, იზო მაღლაკელიძის განმარტებით, აღნიშნული ჩვენება ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის ეთერით რამდენიმე დღის წინ გადაიცა.
„ჩვენი განცხადების შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, რომ მიიღონ ზომები იმ მოწმის ჩვენების გახმაურებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაწერილი იქნა დახურულ სხდომაზე“, – განუცხადა პირველ არხს დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, იზო მაღლაკელიძემ.
როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს, ყველა პირს, ვინც არასრულწლოვნების საქმის განხილვას ესწრება, გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, ინფორმაციის პროცესის მიღმა გატანა კი დანაშაულია.
იზო მაღლაკელიძის განმარტებით, მოწმის ჩვენებების მოთხოვნის უფლება ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გააჩნიათ. ადვოკატი ბრალდების მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროებას გამორიცხავს.
„ვფიქრობთ, რომ პროკურორები თავის საწინააღმდეგო ინფორმაციას არ გაავრცელებენ, თუმცა მე პირდაპირ არ შემიძლია ვთქვა, რომ დაცვის მხარემ აიღო ეს სხდომის ოქმები და გადასცა ვინმეს, რომ გაეხმაურებინა, იმიტომ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ოჯახის ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების ყურადღების საქმიდან სხვა მიმართულებით გადატანა, რაც შესაძლოა, ბრალდებულების ინტერესებში იყოს. მისივე თქმით, დადუნაშვილები ფიქრობენ, რომ ბრალდებულის სკამზე მყოფებისთვის ბრალი სწორად არის წარდგენილი.
„ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს რეალური პრობლემა, ანუ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სხვა თემაზე. ის, რომ თითქოს ვიღაცას პოლიტიკური მიზნები აქვს, თითქოს მირზა სუბელიანის ინტერესებია ამ ყველაფერში და თითქოს არსებობს სხვა დამნაშავეებიც. ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, ჟარგონულად რომ ვთქვათ, გააფუჭონ საქმე. საქმის გაფუჭება ბრალდებულების ინტერესებში შედის ალბათ და ისინი არიან დაინტერესებულები, მათი სასჯელი შემსუბუქდეს, ან საერთოდ მოეხსნათ ბრალდება“, – განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.