ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომას გამართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს შეხვდება. სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.

დეპუტატ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კომისიის წევრებისგან დაკომპლექტდება სამწევრიანი ჯგუფი, რომლებიც გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს.

„კომისიის სხდომაზე მოვლენ დაზარალებული მხარეები, ისინი მოგვიყვებიან თავიანთი ტრაგედიის შესახებ.  შემდგომ ეტაპზე გვექნება შეხვედრები სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე პროკურატურიდან გვექნება შეხვედრები რა თქმა უნდა, მსჯავრდებულებთან და ბრალდებულებთან, მნიშვნელოვან მოწმეებთანაც, ინტენსიურად ვაპირებთ მუშაობას.

საზოგადოებას ექნება საშუალება, ღიად მიადევნოს თვალი ჩვენ მუშაობას. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. მათ შორის კითხვები, რომელიც საჯაროდ გაჟღერდა და მათ შორის ისეთი კითხვები, რომელიც გაგვიჩნდა ამ მასალების გაცნობის შედეგად. ამ კითხვებს უკვე მომდევნო დღეებში გავახმაურებთ.

სამწევრიანი ჯგუფი შეიქმნება კომისიის წევრებისგან იმ მიზნით, რომ დრო არ დაიკარგოს. ჯუფის წევრები გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს“,-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

სხდომაზე იგეგმება გამოკითხვა როგორც პროკურორებისა და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების. კომისიას საქმიანობისთვის სამი თვე აქვს, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადის გაგრძელება თითო-თითო თვით სამჯერ შეიძლება.