ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 22 ივნისს სხდომას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 22 ივნისს სხდომას გამართავს.
პირველი არხის ინფორმაციით, 22 ივნისის სხდომაზე, პირველად დაზარალებულ ოჯახებს, სარალიძესა და დადუნაშვილს მოუსმენენ. ზაზა სარალიძისა და დავით დადუნაშვილის გარდა, სხდომაზე მიწვეული მათი ადვოკატებიც იქნებიან.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სხდომაზე იგეგმება გამოკითხვა როგორც პროკურორებისა და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების. კომისიას საქმიანობისთვის სამი თვე აქვს, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადის გაგრძელება თითო-თითო თვით სამჯერ შეიძლება.