ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შსს-ს წარმომადგენლისა და პროკურორის მოსმენას გააგრძელებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, კახა სირაძისა და საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის მოსმენით გაგრძელდება.
დეტექტივ-გამომძიებელსა და პროკურორს კომისიის წევრები გუშინ რამდენიმე საათისა განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა დეპუტატების თქმით, მათ კიდევ დარჩათ კითხვები, რომელთა დასმას დღევანდელ მოსმენაზე გეგმავენ.
„გუშინ ჩვენ დავსვით ბევრი შეკითხვა და მივიღეთ პასუხები, თუმცა გადავწყვიტეთ, დღესაც გავაგრძელოთ აღნიშნულ პირთა დამატებითი გამოკითხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ დამატებით ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ ვერ ამოვწურეთ ყველა ის შეკითხვა, რომლის დასმასაც კიდევ ვაპირებთ“, – განაცხადა კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ გუშინდელი მოსმენის შემდეგ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე დასვამს საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
კერძოდ, კაპანაძეს მიაჩნია, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რათა ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის თაობაზე. ასევე, ერთ-ერთი მოზარდის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოხდეს.
„სხდომაზე იქნება განხილული ორი იდეა, რომელიც ჩემ მიერ იქნება შეთავაზებული კომისიისთვის, რომ ჩვენ მივმართოთ რეკომენდაციით შსს-სა და პროკურატურას, ორ კონკრეტულ თემაზე. პირველი ეს არის, ერთ-ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. გ.მ. იქნა დაჭრილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, თუმცა ამ კუთხით საქმე ცალკე არ ყოფილა გამოყოფილი და არც გამოძიება ყოფილა წარმოებული და მეორე არის ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს იქნება განსახილველად გამოტანილი კომისიაზე. განვიხილავთ და შემდეგ კომისია გადაწყვეტს, როგორ, რა ფორმით და როდის შესთავაზოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული, ნებისმიერი შეფასება უპასუხისმგებლობაა.
კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს სერგი კაპანაძის რეკომენდაციებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ნებისმიერ რეკომენდაციას დღეს არც კი შეაფასებს, რადგან მისივე თქმით, ეს ძალიან ნაჩქარევია.
„ამის შეფასება, დათანხმება ან არდათანხმება მომდევნო ეტაპის საქმეა, რომელსაც, როგორც მინიმუმ, თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ. დათანხმებაზე მაქვს საუბარი. დღეს ეს უპასუხისმგებლო განცხადება და გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ორ მხარეს მოვუსმინეთ და არც ერთი თვითმხილველის ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.