ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ექსპერტებს დახურულ სხდომაზე უსმენს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხდომა, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების – გიორგი მაღრაძის, სოფო ბელქანიას, გიორგი ცინცაძის და ნინო კვიწინაძის ახსნა-განმარტებები უნდა მოისმინონ, დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიხურა.
სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტების მიმართ კითხვები ცხედრების ექსპერტიზასა და კანის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით დაისვა.
სხდომის დახურვის მიზანშეწონილობაზე კომისიის წევრმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„სანამ აქ შემოვიდოდი, დახურვაზე საერთოდ არ მიფიქრია, მაგრამ ახლა გადავდივართ ისეთ თემებზე, რაზეც მეც მაინტერესებს, რომ თავისუფლად ვისაუბრო. ვფიქრობ, სჯობს, დავხუროთ სხდომა, ვისაუბროთ თავისუფლად და არ დავაკვირდეთ ყველა სიტყვას. თუ მართლა გვაინტერესებს რაღაცეები, სჯობს ასე იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ კომისიის სხდომაზე.
მამუკა მდინარაძის მოსაზრებას დეპუტატი ელენე ხოშტარიაც დაეთანხმა, თუმცა მისი თქმით, საჯაროობის თვალსაზრისით, სხდომის დასკვნითი ნაწილი საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებების შემდეგ, კომისიის სხდომის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, კომისიის სხდომა შემაჯამებელი ნაწილის დროს გაიხსნება.