ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი - მ.კ.-ს პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების და სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მ.კ.-ს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი თანამონაწილეობა, როგორც თანააღმსრულებლის, გამოძიების ან სასამართლო განხილვის სტადიაზე არ გამოკვეთილა.
„რატომ აკეთებს სერგი კაპანაძე ასეთ განცხადებას, ვერ ვიტყვი – კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და უკვე გადაწყვეტილება მიიღო ანუ წინასწარ გამოთქვა პოზიცია. ჩემში ეს გაურკვევლობას იწვევს. არ გამოკითხულან კომისიის მიერ კონფლიქტის მონაწილე პირები, საქმის გამომძიებლები, ექსპერტები, რომლებმაც შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. პირველი პირის გამოკითხვა ანუ ჩემი გამოკითხვა არ არის დასრულებული და გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა სხვა პირების გამოკითხვა თუ კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მ.კ. არ ცდილობდა დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენებას, არამედ მისი მიზანი იყო, დაეშორებინა ან გაეშველებინა მოჩხუბარი მხარეები ერთმანეთისთვის.
„რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებებს კონგფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის გამოყოფას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოყოფილი იქნა ძირითადი, ანუ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. მკვლელობის საქმეში ვგულისხმობ იმ საქმეს, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ხსენებული პირის დაზიანებასთან დაკავშირებით საჭირო და გადაუდებელი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზები ტარდება.
რაც შეეხება მ.კ-ს გაშორებას, ჩამოშორებას და გაშველებას ცდილობდა. გუშინ ამ თემაზე სხდომაზე ვისაუბრე. მოცემულ შემთხვევაში როდესაც პირის განზრახვა არ არის, რომ ადამიანი მოკლას რა თანამონაწილეობის ფორმებზეა საუბარი ჩემთვის გაურკვეველია. თუ მომეცა შესაძლებლობა, დღეს ამ თემაზე სამართლებრივი ნორმების მითითებითაც ვისაუბრებ“, – განაცხადა პროკურორმა.
ზვიად ფხაკაძის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ როდესაც მ.კ-ს მისი არასრულწლოვანი დეიდაშვილი დაუკავშირდა და მისვლა სთხოვა, მათი სკოლაში მისვლის მიზანი მხოლოდ ერთადერთი რამ, მოდავე მხარეების შერიგება და კონფლიქტის თავიდან აცილება იყო.
„ამ ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა პროკურორმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.