ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმე - ადრე, ბიჭობაში, გაშველებისას კარგად მივიღე ცხვირ-პირში, იმის მერე ვცდილობ, არაფერში ჩავერიო [ვიდეო]

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილმა განაცხადა, რომ წარსული გამოცდილების გამო, ჩხუბში ჩარევას ერიდება.

„ადრე, ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან, კარგად მივიღე ცხვირ-პირში. იმის მერე ვცდილობ, რომ არაფერში ჩავერიო. დღემდე მიტკაცუნებს ყბა. ალბათ 90-იან წლებში იყო. არ დამიმალია, უბრალოდ მეგონა, ახსნას მთხოვდით“, – განაცხადა მოწმემ.

ამასთან, იორდანიშვილმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც კომისიის წევრებმა პოლიციაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„კომისიაზე დაკითხვისას არ თქვით ის, რაც პოლიციაში გაქვთ ნათქვამი. რატომ არ მოყევით, რატომ დამალეთ კომისიის სხდომაზე, რომ პოლიციაში დაასახელეთ რაღაც მიზეზი, რის გამოც არასრულწლოვნების გასაშველებლად მანქანიდან არ გადმოხვედით, რატომ ჩათვალეთ, რომ შეიძლება კომისიას ეს საკითხი არ აინტერესებდეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამ კითხვაზე მოწმემ აღნიშნა, რომ არ დაუმალია და ეგონა, მიზეზს ჰკითხავდნენ.

„არ დამიმალია. ახსნა არ გითქვამთ, რომ ამიხსენითო“, – განაცხადა მოწმემ.

ამასთან, ნიკოლოზ იორდანიშვილმა კომისიის სხდომაზე მოყვა, როგორ მივიდა ხორავას ქუჩაზე. მან აღნიშნა, რომ ეზოში შესვლისას ბავშვები დაინახა, ცოტახანში კი ადგილზე ჩხუბი დაიწყო, თუმცა დანა არ დაუნახავს.

„მანქანით როდესაც ეზოში შევედი, ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ, არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. ცოტახანში ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან და მე ეზოში ველოდებოდი. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგე და უცებ, რამდენიმე ადგილზე ჩხუბი დაიწყო. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს, ვერ ვიხსენებ თუ ვინმე მეფარებოდა. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ და წაქცეული არავინ მინახავს. ბიჭების აღწერილობა არ მახსოვს. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა, ასტიგმატიზმი მაქვს. ცოტა ემოციურად ვიყავი, ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი მინახავს ისეთი, არც დანა დამინახავს“, – განაცხადა მოწმემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო ჯგუფის წევრები დღეს ექსპერტსაც გამოკითხავენ.