ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე სრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე სრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავენ

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხუთშაბათსა და პარასკევს განაახლებს. ჩვენ შეხვედრები სრულწლოვან მოწმეებთან გვექნება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, არასრულწლოვან მოწმეებთან შეხვედრები შემცირებულ ფორმატში შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმეების გამოსაკითხად სამ-სამ წევრს გამოყოფს და ეს შეხვედრებიც მედიისთვის საჯარო იქნება. კომისია სრული შემადგენლობით შაბათს შეიკრიბება.

„ჩვენ ჯერ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან გვექნება. შემდეგ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ, შსს-დან მოწვეული ბატონი ირაკლი ფიფია გვეყოლება, რომელიც ამ
კონკრეტულ საქმეზე გამომძიებელი იყო. ასევე გვექნება განხილვა ორი რეკომენდაციის, რომელიც მე დღეს კომისიას შევთავაზე.

ერთი რეკომენდაცია გ.მ-ს დაჭრასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მეორე კი მ.კ-სთან დაკავშირებით კონკრეტულ ეპიზოდზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება. რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი აზრით, იკვეთება გარემოებები, რომ ის ჯგუფური მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილე იყო. აქედან გამომდინარე ეს საკითხები მნიშვნელოვანია და შაბათს ამაზე განხილვა გვექნება“, – განაცხადა კაპანაძემ.