არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და არასამთავრობოებს ხვდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და არასამთავრობოებს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია რეკომენდაციებს სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

დახურულ შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ ორ რეკომენდაციას, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ გასულ კვირას ისაუბრა. ეს ეხება ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ინფორმაციებზე, რომლებიც კომისიამ გასული ორი კვირის განმავლობაში მიიღო.

სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, თუმცა საბოლოოდ მას შემდეგ დააფიქსირებენ პოზიციას, რაც ამ რეკომენდაციებს დეტალურად გაეცნობიან.