ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე სასამართლოში შესაძლოა, 12 სექტემბერს დაკითხონ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე სასამართლოში შესაძლოა, 12 სექტემბერს დაკითხონ.
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე დახურულ სასამართლოს სხდომაზე დღეს ოთხი მოწმე დაკითხეს. მათ შორის ის პირები, რომლებიც ხორავას ქუჩის 4 ნომერში ცხოვრობენ და ასევე პირები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ დასაქმებულები.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი საქმეში, თუმცა ჩვენებების დეტალებზე პროკურორის განმარტებით, ვერ ისაუბრებს, რადგან სასამართლო სხდომები დახურულია.
ადვოკატი ზურაბ თოდუა მიიჩნევს, რომ მოწმეებს სასამართლოსთვის კალანდიას ბრალდების საქმეზე რაიმე არსებითად მნიშვნელოვან გარემოებაზე არ უსაუბრიათ.
ზურაბ თოდუა კალანდიების ოჯახის თხოვნით, საქმეში დღეს ჩაერთო, იმ ადვოკატების ნაცვლად, რომლებიც ამ დრომდე იცავდნენ ბრალდებულ კალანდიას ინტერესებს. სწორედ საქმეში დღეს ჩართვის გამო ადვოკატმა მომზადებისთვის დრო მოითხოვა, რომ დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარიყო დაზარალებული მხარის ზაზა სარალიძის დაკითხვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს უახლეს სასამართლო სხდომაზე გამოკითხავენ, მათ შორის შესაძლოა, იყოს მომდევნო სხდომაც და ამ თარიღს მოწმესთან შეათანხმებენ.
ზაზა სარალიძე კი მზადყოფნას გამოთქვამს უახლოეს სხდომებზე მოხდეს მისი დაკითხვა. ის სასამართლოში დღესაც იმყოფებოდა, თუმცა საქმეში ახლად ჩართულმა ადვოკატმა მისი დაკითხვის გადადება მოითხოვა.
მომდევნო სხდომა 12 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.