თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს სავარაუდოდ საქმის მთავარი მოწმე, მ.კ. დაიკითხება. დაიკითხება ასევე მისი ძმაც. ეს ინფორმაცია პირველ არხს ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა დაუდასტურა.
როგორც წესი, მეორე ინსტანციაში აღარ ხდება ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებმაც საქმეზე ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მისცეს ჩვენება. თუმცა, აღნიშნული მოზარდის ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
მ.კ. სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ. მათი თქმით, მოზარდი პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.
მ.კ-ს ხელახლა დაკითხვას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ამ საქმეზე მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს, რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.