ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა 
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამ დროისთვის, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დაცვის მხარე იწყებს.

საკუთარ დასკვნით სიტყვაში პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე, რაც მათ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკვლიეს, მათ შორის, მოწმეების ჩვენებები.

სახელმწიფო ბრალდება ორივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

„ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარვადგინეთ. სასამართლო ჩვენ დასკვნით სიტყვას ისმენდა. მიმოვიხილეთ ყველა მტკიცებულება, მოვახდინეთ მათი შეფასება და ანალიზი. ასევე, გავაბათილეთ ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენი მოთხოვნა დამნაშავედ ცნობაა. გვაქვს ყველა მტკიცებულება, რაც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს“, – განაცხადა პროკურორმა მარიკა გოცირიძემ.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო.

„ბრალდების დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო. დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გავაბათილებთ მათ არგუმენტაციას. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილავთ ყველა გარემოებას. ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებები დამახინჯებული ფორმით მოიყვანა და ჩვენ მათ ბრალდებას გავაბათილებთ. თუ ბრალდება ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც შეცვალა ჩვენება, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი სასარგებლო განაჩენი იქნება, მაგრამ როგორ შეიძლება ვენდოთ მოწმეს, რომელიც რამდენჯერმე ცვლის ჩვენებას“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.