ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოკითხული არასრულწლოვნები დეტალებზე არ საუბრობენ
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ორი არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა.
არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში, კომისიის მცირე ჯგუფთან ერთად, ფსიქოლოგების და მშობლების თანდასწრებით წარიმართა.
საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოწმეები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.
„დღევანდელი ჩვენებიდან მძიმე სურათია, კიდევ ერთხელ – არაფერი მინახავს, არაფერი ვიცით, ძირითად საკითხებზე სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ასეთი პასუხებია, ძალიან ცოტაა რეალური ინფორმაცია.
ფაქტია, რომ თავს არიდებენ დეტალებზე საუბარს, ვინ იყო იმ მთავარ მომენტებში, როცა საჭირო არის, მივიღოთ ნამდვილი და ჭეშმარიტი ჩვენებები. საპირფარეშოში არაფერი მომხდარა, ყველა მეგობრები არიან და დაჭრის მომენტები არ უნახავთ, ხან კაპიუშონი აქვთ ჩამოფარებული და ვერ ხედავენ, ხან იდაყვი მოხვდათ და გაითიშნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის თქმით, ინფორმაციის ნაწილი მნიშვნელოვანია და დასკვნაში აისახება.
„ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, დავამუშავებთ. როდესაც მოზაიკა შეიკვრება, შეგვიძლია, გავაკეთოთ შეფასება. საბოლოო ჯამში, ინფორმაციის ნაწილი არის მნიშვნელოვანი და ასახვას პოვებს დასკვნაში“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ სკოლის მანდატურები გამოკითხა.