ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი სხდომაზე ახალ შუამდგომლობას დააყენებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი სხდომაზე ახალ შუამდგომლობას დააყენებს.
შუამდგომლობა ერთ-ერთი მოზარდის, გ.ბ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საქმისთვის დართვას გულისხმობს. მოზარდი სააპელაციო სასამართლოში წინა სხდომაზე დაიკითხა. სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.
ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მან მოიპოვა მოზარდის კიდევ ერთი ჩვენება, სადაც ის აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს. პროკურატურის მიერ მოტანილ ჩვენებაში მოწმე თუ ამბობს, რომ მ.კ-ს შემთხვევის ადგილზე დანა არ ჰქონდა, ადვოკატის თქმით, მის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში მოზარდი მ.კ-ს ხელში დანის არსებობაზე საუბრობს.
„დავაყენებ შუამდგომლობას შემდეგ საკითხზე. იცით, რომ წინა სხდომაზე არასრულწლოვანი დაიკითხა. ბრალდების მხარემ მისი ერთი ჩვენება წარმოადგინა და სხვა დამალა. მოვიპოვე და წარმოვადგენ მის სხვა ჩვენებასაც, რომ საქმეს დაურთონ. ჩვენებებს შორის რა თქმა უნდა, არის სხვაობა. ეს ჩვენება ეხება მ.კ-ს ხელში დანის ფაქტს. ერთ ჩვენებაში, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა, იქ არ საუბრობს, რომ მ.კ-ს ჰქონდა დანა. პირველ ჩვენებაში, რაც გამოძიებამ დამალა, იქ საუბრობს. სხვადასხვა რამეს ამბობს ორ ჩვენებაში. პროკურატურა ცდილობს, მიჩქმალოს ეს ფაქტი და არ დაადასტუროს. ამ ფაქტზე ყურადღების არგამახვილება დანაშაულია. აუცილებლად ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა იყოს გამოკვლეული. რაც შეეხება მ.კ-ს ჩვენებას, ხელთ მაქვს მისი დაახლოებით ცხრა ჩვენება. მის მიერ გადმოცემული ინფორმაციები სასამართლომ სანდოდ როგორ უნდა ჩათვალოს?!“, – განაცხადა ადვოკატმა.
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. იკითხება.