ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე ექსპერტიზის უცხოეთში ჩატარებას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე ექსპერტიზის უცხოეთში ჩატარებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ბ.-ს ადვოკატი ინგა შარაძენიძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე უცხოეთში ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ადვოკატი მოსამართლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

„მოსამართლემ ბრალდებულის ჩვენება არ გაიზიარა და დასაბუთება იყო შემდეგნაირი, რომ ერთ-ერთ იქ მყოფს ხელში ეჭირა დანა და შესაბამისად, ვინაიდან არ განაცხადა ამ ბრალდებულმა, მოსამართლემ აღნიშნა, იმიტომ არ ვიზიარებო. რეალურად, ამ პირს არ შეეძლო დაენახა და ვერც დაინახავდა იმ ბრალდებულის ხელში დანას, შესაბამისად, ამ ნაწილში, განაჩენი არ არის დასაბუთებული, რადგან იქ ისეთი რიგი ფაქტობრივი გარემოებები იყო, რაც აბსოლუტურად ექსპერტიზის დასკვნებთან და მოწმის ჩვენებებთან მოდიოდა შესაბამისობაში. მაგალითად, ის, რომ არ ყოფილა ფარდულში, ის, რომ ის იყო სხვის დასახმარებლად და აბსოლუტურად სხვა ადგილზე იმყოფებოდა. კიდევ მოსამართლემ არ გაიზიარა, რომ მას არ მიუყენებია ის მეორე სასიკვდილო ჭრილობა და ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრალდებულის ჩვენებისგან არ გაიზიარა, დასაბუთება იყო, რომ იმ მეორე ბრალდებულის ხელში დანის არსებობა მან არ თქვაო. ასევე, არ გაიზიარა ის, რომ მკვლელობაში დასაჯა“, – აცხადებს ადვოკატი ინგა შარაშენიძე პირველ არხთან საუბრისას.

ადვოკატის თქმით, ის აპირებს, რომ შესაბამის ორგანოებს მიმართოს, რომ სახელმწიფომ დანიშნოს დადუნაშვილის ეპიზოდზე უცხოეთში ექსპერტიზა.

„მოამბე“ ასევე დაუკავშირდა კიდევ ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატებს, თუმცა განაჩენთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამ ეტაპზე კომენტარების გაკეთებას არ აპირებს.

„მოამბისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რომელმაც პროკურატურის ვერსია ნაწილობრივ არ გაიზიარა. ბრალდებულ გ.ბ-ს მიერ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მოსამართლე რამდენიმე მოწმის ჩვენებით ამყარებს, მათ შორის იმ მოწმეებით, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოიქნია არასრულწლოვანმა ნაცრისფერი დანა მსხვერპლის მისამართით, შემდეგ კი ცივი იარაღი იქვე მდგარ ონკანთან გარეცხა.