ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ჟურნალისტი თამარ გოცირიძე
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს სასამართლო პროცესზე ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის მიმდებარედ მცხოვრები თვითმხილველები.
როგორც ერთ-ერთმა მოწმემ, თამარ გოცირიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კონფლიქტის დაწყება არ დაუნახავს, თუმცა დაინახა უკვე დაჭრილი არასრულწლოვანი, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახური გამოიძახა.
„ორ მოზარდს შორის მოხდა ჩხუბი, თითქოს, ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ. დავიყვირე, დარეკვა დავაპირე. დავინახე, რომ ერთი მოზარდი ჩაიკეცა და მაშინ მივხვდი, რაღაც ცუდად იყო. მეხუთე სართულიდან დეტალურად რამეს დანახვა რთულია. კონფლიქტი ვისთან ჰქონდა ვერ დავინახე, ვნახე როგორ იდგა და როგორ ჩაიკეცა. ვხედავდი მხოლოდ ქურთუკებში ჩაცმულ სილუეტებს“, – განაცხადა თამარ გოცირიძემ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სახელწოდებით – „ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი“, აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.