ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შესაძლოა, დღეს წარუდგინონ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შესაძლოა, დღეს წარუდგინონ. დაკავებულის ადვოკატის ზაალ თავაძის განცხადებით, ბრალის წარდგენის შესახებ გამომძიებელი ჯერ მას არ დაკავშირებია, თუმცა როგორც ადვოკატი განმარტავს ამ პროცედურისთვის გამოძიებას ხვალ საღამომდე აქვს ვადა.
ადვოკატმა მერაბ მორჩაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში შესაძლოა, დღეს მოინახულოს. თავაძის განცხადებით, მორჩაძე კატეგორიულად უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ერთ-ერთ მოწმეზე ზემოქმედებას ახდენდა.
ადვოკატის თქმით, მერაბ მორჩაძემ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის ეს შემთხვევა მოხდა, რამდენიმე არასრულწლოვანმა, რომლებიც მომხდარით შეშინებული იყვნენ, როგორც ოჯახის ახლობელს, მიმართეს მერაბ მორჩაძეს. თუმცა ადვოკატის განცხადებით, მორჩაძეს მოზარდებისთვის არ უთქვამს, რომ მათ ან რაიმე ინფორმაცია დაემალათ, ან ჩვენება შეეცვალათ.
როგორც თავაძე ამბობს, მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც მოწმის სტატუსით იკითხებოდა სასამართლოში, სხდომის დამთავრების შემდეგ, ამ არასრულწლოვანის დედის მოთხოვნით, მორჩაძემ წაიყვანა სახლში.
შსს-მ მერაბ მორჩაძე გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავა. ეს მუხლი ითვალისწინებს მოწმეზე, დაზარალებულზე ან ექსპერტზე ზემოქმედებას.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი ერთ-ერთ პროცესზე გაიგეს, როდესაც მოწმე კალანდია იკითხებოდა. ამ მოწმემ კი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოწმეზე რაიმე ზემოქმედებას, ამიტომ ამ მოწმეს ჰკითხეს, რა ურთიერთობა ჰქონდა მერაბ მორჩაძესთან.
მერაბ მორჩაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ. კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.