ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატები დღეს სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.
როგორც დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე ექვსთვიანი განხილვის განმავლობაში ჯამში 90 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის არასრულწლოვნები, ექსპერტები და გამომძიებლები.
„ყველა მტკიცებულება ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეწინააღმდეგება. დ.ღ. არის უდანაშაულო. დღეს ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, დ.ღ-სთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა 19 იანვარს იწურება და პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევასა და მოწმეების სრულად დაკითხვას ვერ მოასწრებს.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის არასრულწლოვნები.