ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს სასამართლოზე ექვსი მოწმე დაკითხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, დ.ღ-ს სასამართლო პროცესზე დღეს ექვსი მოწმე დაკითხეს, მათ შორის არასრულწლოვნები.
დაცვის მხარემ სხდომაზე საქმისთვის ახალი მტკიცებულების დართვაც მოითხოვა. ადვოკატი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების დართვას ითხოვს. დ.ღ -ს ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმის სახით უნდა დაიკითხონ ჩანაწერის ფიგურანტები ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. თავად სუბელიანი კი, დასაკითხთა სიაში უკვე არის.
სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ბრალდების მხარეს გარკვეული დრო მისცა და გადაწყვეტილებასაც შემდეგ გამოაცხადებს.
ბრალდების თანახმად არასრულწლოვან დ.ღ -ს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. ადვოკატის მტკიცებით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებები გაყალბებული და განადგურებულია და დ.ღ-ს ჩვენებას დამდგარ განაჩენზე გავლენა არ მოუხდენია.
დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.