ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ ყველა მასალასა და მტკიცებულებას დამატებითი ექსპერტიზა შვეიცარიაში ჩაუტარდება
შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან უკვე შედგა შეთანხმება, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს გადაეგზავნება ყველა საექსპერტო ნიმუში, სრული მასალა და ამასთან, მიეწოდება ყველა მტკიცებულება.
„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიურო. ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან მიმართებაში არსებობს საზოგადოებაში და აქვს ზაზა სარალიძეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არც ერთ ექსპერტიზას, თუმცა, სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, ასევე დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გაეცეს მის კითხვებზე პასუხი ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში“, – განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, ზაზა სარალიძეს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერი საკითხი, რომელიც აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს.
„მათ გადაეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში, სრული მასალა, მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება და რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ.
დაზარალებულ ზაზა სარალიძეს ადვოკატთან ერთად ვთავაზობთ, როგორც თქვენთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, დადგენილება ჯერ გამოტანილი არ არის, ვაპირებთ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოტანას და მას შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.